რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მონაწილეთა დაკავებით დასრულდა - კვირის პალიტრა

რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მონაწილეთა დაკავებით დასრულდა

10 სექტემბერს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა.

დაკავებული არიან მოძრაობა"არას" ლიდერი ლევან ჩიტაძე, წევრი ლევან კოჭლაშვილი და ე.წ. რელიგიური პატიმრის, შოთა აფხაიძის ძმა გიორგი აფხაიძე.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი დაკავება მაინც მოახერხეს. პატრულის თანამშრომლის თქმით, მათ აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, ე.წ. სტიკერები რეზიდენციის ღობეზე არ გაეკრათ. პროტესტანტები გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და ლევან კოჭლაშვილმა პატრულის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კოჭლაშვილს ლევან ჩიტაძე გამოესარჩლა, რისთვისაც ჩიტაძეც დააკავეს.

სამივე დაკავებული ე.წ. სტიკერებს აკრავდა. მათ სავარაუდოდ, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებებს წაუყენებენ.