ამერიკაში ყურანი მაინც დაწვეს - კვირის პალიტრა

ამერიკაში ყურანი მაინც დაწვეს

აშშ-ის ტენესის შტატში, ორმა პასტორმა 11 სექტემბრის ტერაქტის მე-9 წლისთავზე ყურანი დაწვა.

ყურანი ტერაქტის მსხვერპლთა სხოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის მონაწილეებმა ნიუ-იორკშიც დაწვეს. თუმცა, ამას ისეთი მასშტაბები არ მიუღია, როგორც ნიუ-იორკელი პასტორი ტერი ჯონსი გეგმავდა.

კერძოდ, ტერი ჯონსი 11 სექტემბერს, ტერაქტისას განადგურებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილას, 200 ცალი ყურანის დაწვას აპირებდა. ამით ამერიკელი სასულიერო პირი პროტესტს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასაც უცხადებდა, რომლის ინიციატივითაც, შესაძლოა, "ტყუპის" ადგილას მეჩეთი აშენდეს.

ჯონსის გადაწყვეტილებამ მუსლიმანურ ქვეყნებში ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ “ინტერპოლის” გენერალურმა მდივანმა რონალდ კენეტ ნოუბლმა მსოფლიო განგაში გამოაცხადა. საბოლოოდ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეითსმა პასტორს განზრახვის სისრულეში მოყვანა გადააფიქრებინა.