ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის გადაბრალება ქართველებისთვის სცადეს - კვირის პალიტრა

ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის გადაბრალება ქართველებისთვის სცადეს

9 სექტემბერს, მუსლიმანურ დღესასწაულ რამაზან-ბაირამზე, ჩრდილო ოსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ბაზართან ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც 40 კილოგრამი ტროტილი იყო.

აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დაღუპულებს შორის ერთი ეთნიკური ქართველია, დაიჭრა ასევე ხუთი ქართული გვარ-სახელის მქონე ადამიანი.

"მოსკოვსკი კომსომოლეცის" მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურები ამუშავებენ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ტერაქტის უკან, შესაძლოა, თბილისი იდგეს. ჟურნალისტის ლოგიკით, არაბები ებრაელების მტრები არიან, ოსები კი - ქართველების და შესაძლოა, ქართულმა მხარემ “თამარაშენის, კეხვისა და ქურთის დაკარგვისთვის შური იძია.

ამ ვერსიას ანტიქართულად განწყობილმა რუსმა ჟურნალისტებმაც კი ნაბოდვარი უწოდეს. რუსული სპეცსამსახურები ტერორისტების კვალს ინგუშეთში ეძებენ, რადგან ბაზართან აფეთქებულ მანქანას ინგუშური ნომრები ჰქონდა, თვითმკვლელი-ტერორისტი კი, ეთნიკურად ინგუში, ვინმე არჩიევი ან არჩაკოვი იყო.

პარალელურად, ტერაქტზე პასუხისმგებლობა“კავკასიის იმარათის” ხელმძღვანელმა დოკუ უმაროვმაც აიღო.

აფეთქება ვლადიკავკაზში 11 სექტემბერსაც მოხდა. ერთ-ერთ ქუჩაზე ვაზ-2111 მარკის ავტომობილი აფეთქდა, რომელიც ინგუშეთში განლაგებული რუსეთის შსს ჯარების ოფიცერს ეკუთვნოდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, ამან ვლადიკავკაზის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.