პრეზიდენტი და პატრიარქი ილია მეორის მშობლიურ სოფელს ეწვივნენ - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი და პატრიარქი ილია მეორის მშობლიურ სოფელს ეწვივნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ყაზბეგის რაიონს, კერძოდ, უწმინდესის მშობლიურ სოფელ სნოს ეწვივნენ.

"მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ვიზიტი შედგა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონი რუსეთს ესაზღვრება. ვფიქრობ, თქვენ ჩვენს რაიონს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ. აქ აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნა, უნდა განვითარდეს მეცხოველეობა და მეცხვარეობა", - მიმართა პატრიარქმა პრეზიდენტს.

სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რაიონის მოსახლეობისთვის იმედის მიცემა, რადგან სტეფანწმინდის დაცლის საფრთხე რეალურად არსებობდა. "ამ ადამიანებს ესმით, რომ რეგიონი არ უნდა დაიცალოს", - დასძინა მან.

პრეზიდენტმა პატრიარქს მიმართა, რომ ხეობის გამაგრება უწმინდესის დიდი დამსახურებაა. საპატრიარქოს სასულიერო-კულტურულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი და პატრიარქი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების კონცერტსაც დაესწრნენ.