ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსმა ცრუჩვენება მისცა - კვირის პალიტრა

ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსმა ცრუჩვენება მისცა

"პროკურატურაში ვიცრუე, თითქოსდა იარაღი ცხედარს ამოვუღე და გროზნოში წავიღე. სინამდვილეში, ის ჯონსონ კვარაცხელიას სახლის უკან ჩავმარხე", - აღნიშნა რობინზონ მარგველანმა და დასძინა, რომ მან ცრუჩვენება ჯონსონ კვარაცხელიას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისცა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გამსახურდიას დაცვის ყოფილი უფროსის რობინზონ მარგველანის მოსმენისას რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო ვერსია გამოკვეთა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, მარგველანის ახსნა-განმარტებებში გამოვლინდა უზუსტობები, რომლებიც გამსახურდიას გარდაცვალების დღეს უკავშირდება. კერძოდ, მარგველანი თავდაპირველ ჩვენებაში ამბობდა, რომ გასროლიდან 40 წუთის განმავლობაში გონს ვერ მოდიოდა. ამჟამინდელ ჩვენებაში კი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტი რამდენიმე წამში ნახა.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმითვე, საქმის მასალებში დევს ფოტოები, სადაც რობინზონ მარგველანი ახალგარდაცვლილი  პრეზიდენტის მდგომარეობას განასახიერებს. ფოტოებში ასახული პოზა კი დღევანდელ სხდომაზე მის მიერ ინსცენირებულ  პოზას არ დაემთხვა.

დროებითი კომისიის შუალედურ დასკვნებში ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა  გამოირიცხა. არსებობს ეჭვი, რომ ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბრამდეა მოკლული. ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილი უფროსი რობინზონ მარგველანი კი დარწმუნებულია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა  და აქამდე ის ჯოჯოხეთურმა გზამ და შიშმა, შიმშილმა და  სიცივემ მიიყვანა.