ჰააგის სასამართლომ საქართველოს სარჩელზე ინფორმაცია გამოაქვეყნა - კვირის პალიტრა

ჰააგის სასამართლომ საქართველოს სარჩელზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის წინასწარი საჯარო მოსმენის შემდეგ გამოაქვეყნა ოფიციალური

ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო დაიწყებს იმ ინფორმაციაზე მსჯელობას, რომელიც მხარეებმა წინასწარი მოსმენისას წარმოადგინეს.

საქართველო რუსეთის ფედერაციას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, საქართველომ ხელოვნურად დააყენა ეს პრობლემა: "თუ საერთაშორისო სასამართლოს იურისტები მიუკერძოებლები იქნებიან, ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე მივლენ: მთელი ეს საქმე პოლიტიკაა და არა სასამართლო გადაწყვეტილების მიღწევის მცდელობა".

ლავროვის თქმით, საქართველო რუსეთს 90-იანი წლებიდან რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. "აქამდე თბილისს ამგვარი სარჩელით არც ერთი სასამართლოსთვის არ მიუმართავს, საქართველომ სასამართლოს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ბატონ სააკაშვილის ავანტიურა ჩავარდა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანის განცხადებით, საქართველოს ჰააგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი საქმე, მაგრამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ.