მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.

პრეზიდენტებმა პროტოკოლით გათვალისწინებულზე მეტხანს ისაუბრეს. მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ბაქოს ენერგეტიკულ სამიტზე უმაღლეს დონეზე გაფორმდა.

ბაქოს ენერგოსამიტში, რომელიც აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის გაზის ერთობლივ პროექტს ეძღვნებოდა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის პირველი პირები მონაწილეობდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების პროექტში თანამშრომლობისთვის საქართველოს დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო პროექტის მთავარი გარანტია.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს, რადგან საქართველო მთავარი გარანტია საუკუნის პროექტის განხორციელებისა, რომელიც ენერგოუსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველი უნდა გახდეს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.