"გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულები გაათავისუფლეს"(?!) - კვირის პალიტრა

"გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულები გაათავისუფლეს"(?!)

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შუამდგომლობით სასჯელის შემსუბუქება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულებსაც შეეხოთ. ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური გათავისუფლებისთანავე სამების ტაძარში წირვაზე მივიდნენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გირგვლიანის მკვლელებს 1 წლის განმავლობაში მონასტერში ცხოვრების კურთხევა მისცა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულები სისხლის სამართლის კოდექსის სწორედ 117-ე მუხლით იყვნენ გასამართლებული, რაც სასჯელს სხეულის განზრახ ისეთი დაზიანებისთვის ითვალისწინებს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

ალანიას, ბიბილურიძეს, ღაჭავასა და აფციაურს გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრი 2006 წლის ივლისში დაედოთ. ალანიას - 8, ბიბილურიძეს, ღაჭავასა და აფციაურს კი 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით მათ სასჯელი გაუნახევრდათ.

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ ე.წ. "უდოს" კომისია ძველი შემადგენლობით სასწრაფოდ, გირგვლიანის მკვლელების გამო შეკრიბა. ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეკრებილა და მხოლოდ მისი შემადგენლობის შეცვლამდე რამდენიმე დღით ადრე "საეჭვოდ" შეიკრიბა და გადაწყვეტილებაც მიიღო. "ის 384 პატიმარიც გირგვლიანის მკვლელებს უნდა უმადლოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ გაათავისუფლებდნენ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.