"სააკაშვილს ერთიანი კავკასიის იდეის განხორციელებას არ ანდობენ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ერთიანი კავკასიის იდეის განხორციელებას არ ანდობენ"

"ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო თანამეგობრობაში ერთიანი კავკასიის იდეის განხორციელებას არავინ ანდობს.

აღნიშნული განცხადება ალასანიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაეროში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მხრიდან აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების დაწყებაზე მოწოდება დაგვიანებულია.

"პრეზიდენტის გაეროში გამოსვლა გათვლილი იყო უფრო ამერიკულ და საერთაშორისო საზოგადოებაზე. მიხეილ სააკაშვილს აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების შანსი 2005 წელს ჰქონდა. მან კი ასეთ შესაძლებლობაზე უარი თქვა. აგვისტოს ომის შემდეგ არც აფხაზები და არც ოსები ამ შეთავაზებას სერიოზულად აღარ შეხედავენ. მიხეილ სააკაშვილი ქართველებს ჰპირდებოდა, საქართველო ნატოში ძალიან მალე შევაო. ქვეყნის გაერთიანებასაც გვპირდებოდა, თუმცა ვერც ერთი და ვერც მეორე, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. არ მინდა, ვინმემ აფხაზებსა და ოსებს ცრუ იმედები გაუჩინოს, რადგან  იმედგაცრუება მათთან კიდევ უფრო დაგვაშორებს", - აღნიშნა ალასანიამ.