აფეთქება ამერიკის საელჩოსთან - კვირის პალიტრა

აფეთქება ამერიკის საელჩოსთან

21 სექტემბერს, გვიან ღამით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით, აფეთქების შედეგად გამოინგრა იმ კედლის ნაწილი, რომელიც საელჩოს მიმდებარე ტერიტორიისგან ყოფს.

წინასწარი გამოძიებით, სავარაუდოდ, აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. არაოფიციალური ვერსიით, დამონტაჟებული ორი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან მხოლოდ ერთი ამოქმედდა, მეორე კი მოგვიანებით გამნაღმველებმა გააუვნებლეს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ მომხდარს შეერთებული შტატები დამოუკიდებლად გამოიძიებს.

"როდესაც ტერორისტები სამიზნედ დიდი სახელმწიფოს სტრატეგიულ ობიექტს ირჩევენ, მოსახლეობაში ან უშუალოდ ამ ობიექტში პანიკის გამოწვევა სურთ. ამ შემთხვევაში კი ეს არ მომხდარა. რა თქმა უნდა, თავად ფაქტი შემაშფოთებელია, მაგრამ ძნელია, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მივცეთ", - განაცხადა სესიაშვილმა.