ევკუროვის ცხინვალში ჩასვლამ ინგუშები აღაშფოთა - კვირის პალიტრა

ევკუროვის ცხინვალში ჩასვლამ ინგუშები აღაშფოთა

20 სექტემბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი ცხინვალში ჩავიდა და დღესასწაული ედუარდ კოკოითის პირადად მიულოცა.

ამან ინგუშების აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილება თავად ევკუროვის ადმინისტრაციაშიც გამოთქვეს. ინგუშეთის პრეზიდენტის თანაშემწე ასლან კოძოევმა თავის ბლოგში გამოაქვეყნა წერილი სათაურით: "ევკუროვი ცხინვალშია. მე სულში ჩაფურთხებული ინგუში ვარ".

კოძოევმა ევკუროვი მწვავედ გააკრიტიკა და მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა. შედეგად, პრორუსულად განწყობილმა ინგუშებმა ის ქართული სპეცსამსახურების აგენტობაში დაადანაშაულეს. თუმცა ევკუროვმა კოძოევი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე 10-მა ინგუშურმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ევკუროვს და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ღია წერილი მისწერეს და ცხინვალის რეჟიმისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა მოითხოვეს.