პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცეს - კვირის პალიტრა

პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცეს

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი 125-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი აღმოჩნდა.

ცვლილებებზე დებატები გაიმართა, რაც თითქმის 4 საათს გაგრძელდა, შესათანხმებელ საკითხებზე კი დამატებითი კონსულტაციების გამართვა გახდა საჭირო.

პროექტის მეორე მოსმენით მიღების დროსაც შეუთანხმებელ საკითხად დარჩა მესაკუთრისათვის საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი საკუთრების ჩამორთმევის ანაზღაურების საკითხი. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის აზრით, ანაზღაურება არანაკლებ საბაზრო ღირებულების მიხედვით უნდა მოხდეს.

უმრავლესობის მოსაზრებით კი კონსტიტუციაში ტერმინ "სამართლიანი ანაზღაურების" არსებობაც საკმარისი იქნება. ოპოზიცია ასევე ითხოვდა, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი მეორე მოსმენით მანამდე არ განხილულიყო, ვიდრე მასში ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციები არ აისახებოდა, მაგრამ არც ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს.