რასმუსენი ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

რასმუსენი ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ლისაბონის ნატოს სამიტისაგან კიდევ ერთხელ მოელის დასტურს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

ეს განცხადება რასმუსენმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ნატოს წევრი მაშინ გახდება, როცა ამავე ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. ამაში კი საქართველოს თავად ნატო დაეხმარება.

"ნატოს პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობაზე მტკიცე და უცვლელია. მზად ვართ, დაგეხმაროთ ნატოში გაწევრებისათვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

რუსეთს კი საქართველოს წინაშე ვალდებულებების შესრულებისაკენ მოვუწოდებთ", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა. რასმუსენის თქმით, ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება როგორც მათი, ისე საქართველოს ინტერესშია. "ნატოსა და ევროკავშირთან რუსეთის მომავალი თანამშრომლობა დადებითად მესახება. ჩემი მიზანია რეალური ევროატლანტიკური  უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც საქართველო და რუსეთი მშვიდობიანად და ჰარმონიულად იცხოვრებენ", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.