ათონის მთის ივერონის მონასტერში ქართულ ენაზე წირვა აღევლინა - კვირის პალიტრა

ათონის მთის ივერონის მონასტერში ქართულ ენაზე წირვა აღევლინა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია  მეორის ლოცვა-კურთხევით, ათონის ივერონის მონასტერს ეწვია მახათას მთაზე ივერიის

ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი. ჯგუფს თან ახლავს ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე.

9 ოქტომბერს ათონის მთის ივერონის მონასტერში ქართული საგალობლების თანხლებით ქართულ ენაზე წირვა აღევლინა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის ივერთა მონასტერშია დაბრძანებული, განსაკუთრებულად გამოხატავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლის არსებობას დედამიწაზე, საგანგებოდ შესრულებული მისი კანონიკური ასლი თბილისში 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამობრძანდა, რასაც ორ წელიწადში დამოუკიდებლობის გამოცხადება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა მოჰყვა.

ამ ხატის პირველი სასწაული ერთ წელიწადში გამოვლინდა - როდესაც სიონის საკათედრო ტაძარში პერანგით უნდა შეემკოთ, დამცავ მინაზე სასწაულებრივად აღბეჭდილი წმინდა გამოსახულება შეამჩნიეს. მოგვიანებით ეს გამოსახულება დამოუკიდებელ ხატად იქცა და სიონის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკვდერში დაიდო ბინა.