პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები საბოლოოდ, მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი 112-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი  წინააღმდეგი აღმოჩნდა.

ქვეყნის  მთავარ კანონში სულ 44 ცვლილება შევიდა. კონსტიტუციის დამტკიცებამდე გაიმართა ვენეციის კომისიის  სხდომა, სადაც კონსტიტუციის ახალი ცვლილებები შეაფასეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, დასკვნა დადებითია. თუმცა,  ვენეციის კომისიას  აქვს შენიშვნები პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის თაობაზე.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტის ინსტიტუტი მკვეთრად სუსტდება და მისი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე ნაწილდება. ძლიერდება საკუთრების უფლების დაცვისა და სასამართლო ხელისუფლების  დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები; კონსტიტუციას ასევე დაემატა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ცალკე თავი და ა.შ.

კონსტიტუციის ახალდამტკიცებული ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას, საკუთრების უფლების დაცვასა და მოქალაქეთა სხვა უფლებებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო გარანტიებს შეეხება - 2011 წელს, ხოლო სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებული ცვლილებები 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.