NATO-ს მაღალჩინოსანი საქართველოს ეწვია - კვირის პალიტრა

NATO-ს მაღალჩინოსანი საქართველოს ეწვია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს.

ამის შესახებ NATO-ს მაღალჩინოსანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იზრდება და პარალელურად,  NATO-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობა მყარდება.

ადმირალის განცხადებით, NATO-საქართველოს კომისია რეფორმებზე მომავალშიც იმუშავებს და საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჯამპაოლო დი პაოლამ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის როლსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ის, რასაც ქართველი სამხედროები ავღანეთში აკეთებენ, საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია. მანვე მწუხარება გამოთქვა ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება.