დევნილმა თავის დაწვა სცადა - კვირის პალიტრა

დევნილმა თავის დაწვა სცადა

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის ეზოში აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ თავის დაწვა სცადა. ის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, ფიფიამ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას ქვედა კიდურების 32%-ის დამწვრობა აღენიშნება.

"დემოკრატიული მოძრაობის" მთავარმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც დევნილთა მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას საგანგაშო უწოდა. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სოხუმიდან დევნილი თვითმკვლელობის მცდელობამდე ხელისუფლების, კერძოდ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უმოწყალო დამოკიდებულებამ მიიყვანა.

საკრებულოს ფრაქცია "ჩვენ თბილისის" წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ინციდენტამდე ნანა ფიფიას სამინისტროში ერთ-ერთ თანამდებობის პირთან შეხვედრაზე ფოცხოში დაბრუნება ურჩიეს და როდესაც დევნილმა იკითხა, როგორ ვიარსებო, სოფელში ბალახის მეტი არაფერიაო, თანამდებობის პირმა უპასუხა, ბალახი ძოვეო. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ფიფიამ ბენზინი გადაისხა.

ვიქტორ დოლიძე მოითხოვს, რომ სამინისტროსთან აქციაში მონაწილე პირებს გადასცენ დროებითი ფართობი, სანამ მათ გარემონტებულ საცხოვრებლებში გადაიყვანენ.