შსს-მ რუსეთის 20 ჯაშუში დააკავა - კვირის პალიტრა

შსს-მ რუსეთის 20 ჯაშუში დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის ოცი ჯაშუში დააკავა. ქართულმა მედიამ ამის თაობაზე სააგენტო

"როიტერისგან" შეიტყო, რომელსაც ინფორმაცია კომპეტენტურმა წყარომ მიაწოდა. სააგენტოს არ დაუზუსტებია, წყარო რუსულია თუ ქართული. ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს შსს კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ სხვადასხვა წყაროს ცნობით, შესაძლოა, ლაპარაკია რუსეთის საგარეო დაზვერვის (ეს-ვე-ერი) ქსელზე, რომელსაც ეს სპეცსამსახური წლების განმავლობაში ქმნიდა.

"როიტერის" ცნობით, ჯაშუშები რუსულ სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ. კულუარული ინფორმაციით, ქართული კონტრდაზვერვა ამ ოპერაციას ექვსი თვის განმავლობაში ატარებდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილნი ინტერესდებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესყიდვებით, არმიაში არსებული განწყობილებით, ოფიცერთა პირადი ინფორმაციით, პოლიტიკოსთა დაცვის პირადი შემადგენლობით და ცდილობდნენ არმიისა და პოლიციის მაღალჩინოსნებზე კომპრომატების მოპოვებას.

ძნელი სათქმელია, დაკავებულია თუ არა რეზიდენტი, ანუ ის, რომელიც ჯაშუშების ქსელს კურატორობდა. თუმცა თუ დაკავებულთა რაოდენობას გავითვალისწინებთ, მნიშვნელობა აღარ აქვს, მოახერხა თუ არა რეზიდენტმა გაქცევა.

არის იმის საფრთხეც, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების მორიგი სატყუარაა. კერძოდ, ხშირად სპეცსამსახურები ლიფსიტებს "უშვებენ", რათა "ლოქოებმა", ანუ მსხვილმა ჯაშუშებმა, მიზანს მიაღწიონ.

თუ დაკავებულებს დანაშაული დაუდასტურდათ, ისინი სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლდებიან.