"ეროვნული ფორუმი" სამოქალაქო შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"ეროვნული ფორუმი" სამოქალაქო შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციურ პარტიებს ჭადრაკის სასახლეში შეხვდნენ, სადაც "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა გამოვიდა ინიციატივით,

სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის შემადგენლობით შეიქმნას ჯგუფი, რომელიც არსებულ ხელისუფლებას "საბოლოო განაჩენს გამოუტანს".

"2011 წლამდე აუცილებლად უნდა მივაღწიოთ გამარჯვებას. თუ არ შედგება სამოქალაქო შეთანხმება, "ეროვნული ფორუმი" ყველა ჯგუფთან იმუშავებს, რათა საერთო-ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს", - განაცხადა შარტავამ.

"ეროვნული ფორუმის" ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა. "საზოგადოებამ უნდა აიძულოს პოლიტიკური სპექტრი, რომ შეთანხმდეს. არც ერთი ის მოსაზრება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ამ შეხვედრაზე გაცხადდა, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

სხვადასხვა გზით მებრძოლები აქედან შეიძლება შეთანხმებულები გავიდეთ. სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პარტიები განსხვავებულობის დემონსტრირებას ახდენენ", - განაცხადა კახა შარტავამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ "ეროვნული ფორუმის", კონსერვატორების, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებისა" და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები.