სტუდენტებმა მოძრაობა"დედაენის გადარჩენისთვის" დააფუძნეს - კვირის პალიტრა

სტუდენტებმა მოძრაობა"დედაენის გადარჩენისთვის" დააფუძნეს

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა მოძრაობა "დედაენის გადარჩენისთვის" დააფუძნეს. სტუდენტური მოძრაობის პრეზენტაცია  დედაენის ძეგლთან გაიმართა,

რომელსაც საზოგადო მოღვაწეებიც დაესწრნენ.

ახალდაფუძნებული სტუდენტური მოძრაობის ლიდერის, ბესო ბახტაძის განცხადებით, საგანმანათლებლო სისტემაში ბევრი ხარვეზია. კერძოდ, განათლების ახალი პროგრამის მიხედვით, შემცირებულია ქართული ენის სწავლების საათები. მაღალი კლასების სახელმძღვანელოებში მასალის 70 პროცენტი ნათარგმნი უცხოური ლიტერატურაა, ქართულ მწერლობას კი 30 პროცენტი ეთმობა.

ქართული ენის დეგრადაციის ერთ-ერთ მიზეზად დედაენის ძეგლთან შეკრებილმა სტუდენტებმა ისიც დაასახელეს, რომ დაწყებით კლასებში აქცენტი უცხო ენების შესწავლაზეა გამახვილებული, მშობლიურ ქართულს კი ნაკლები ყურადღება ექცევა.

პრეზენტაციაზე პოლიტიკოსები არ მიუწვევიათ, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან მისვლა მაინც გადაწყვიტეს და მათი ინიციატივა მოიწონეს. დედაენის ძეგლთან"უცნობმა" (გია გაჩეჩილაძე) და დიმა ჯაიანმა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.