ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები `ქართული აკადემიის~ წევრებს შეხვდნენ - კვირის პალიტრა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები `ქართული აკადემიის~ წევრებს შეხვდნენ

რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "ქართული აკადემიის" წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს."თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია.

ამავე აზრისაა რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილიც. მისი თქმით, ოპოზიციას არა აქვს ილუზია, რომ ხელისუფლება გონს მოეგება, თუმცა მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ.

კონსერვატორების ლიდერ ზვიად ძიძიგურის მტკიცებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არ გაურიგდება, მაგრამ მოლაპარაკებების დაწყებას ისიც საჭიროდ მიიჩნევს.

რადიკალური იყო მსახიობი დიმა ჯაიანი. მან საზოგადოებასა და ოპოზიციას ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბრისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯაიანის აზრით, ხელისუფლება არაფერს დათმობს.

რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყონ.