ოპოზიცია დავით ბაქრაძეს შეხვდა - კვირის პალიტრა

ოპოზიცია დავით ბაქრაძეს შეხვდა

ოპოზიციამ და უმრავლესობამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციების ფორმატი და დეტალები შეათანხმეს.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის აზრთა სხვადასხვაობაც იყო, კამათიც, თუმცა კომპრომისის ძიებამ პარტიები კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანა.

ბაქრაძის თქმით, სამუშაო ჯგუფი მომავალი კვირიდან საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად  უკვე კონკრეტულ საქმიანობას დაიწყებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ მოლაპარაკების პროცესში კარი ღია იქნება კვალიფიციური სუბიექტებისა და პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისთვის.

"პროცესი იქნება გამჭვირვალე და მასში ჩაერთვებიან საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ პროცესის შედეგად მივიღებთ თვისებრივად ახალ კოდექსს", - დასძინა ბაქრაძემ.

კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციებში ჩაერთვებიან როგორც კვალიფიციური პარტიები, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.