კომისიამ ახალი მტკიცებულება მოიპოვა - კვირის პალიტრა

კომისიამ ახალი მტკიცებულება მოიპოვა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოიპოვა.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, კომისიის წევრები და მიწვეული სპეციალისტები იმყოფებოდნენ სამეგრელოს რამდენიმე სოფელში, სადაც საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია შვიდი კაცისაგან მოისმინეს.

"მნიშვნელოვან მტკიცებულებას მივაკვლიეთ, რომელზეც ოპერატიული რეაგირებაა საჭირო. პარლამენტს მხარდაჭერას ვთხოვთ, რათა  მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრთან ამ საკითხის დროულად გატანა მოვახერხოთ", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კომისიას შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას დაჰპირდა. მისი თქმით, კონსტანტინე გამსახურდიას მივლინებაში ყოფნისას უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ოთხი თვით გაუგრძელა.