ტერორისტმა მკვლელობის შემკვეთად ვატიკანი დაასახელა - კვირის პალიტრა

ტერორისტმა მკვლელობის შემკვეთად ვატიკანი დაასახელა

თურქმა ტერორისტმა მეჰმედ ალი აღჯამ სენსაციური განცხადება გააკეთა: მან სახელმწიფო ტელეარხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 1981 წელს იოანე-პავლე  II-ის

მოკვლა მას ვატიკანმა დაავალა. აღჯას სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ წელს, იანვარში დროზე ადრე გაათავისუფლეს. ჯერ კიდევ 1983 წელს ტერორისტს დანაშაული თავად პაპმა შეუნდო, მაგრამ მეჰმედ აღჯას ბრალდებას ჟურნალისტის მკვლელობა და შეიარაღებული ძარცვაც ემატებოდა.

"ვატიკანის ხელმძღვანელობამ პაპის მოკვლა გადაწყვიტა. სწორედ მან დაგეგმა თავდასხმა, სროლის ბრძანება კი უშუალოდ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა ავგუსტინო კაზაროლიმ გასცა", - ამბობს ტერორისტი. კარდინალი კაზაროლი პაპთან დაახლოებული პირი იყო. ის 1998 წელს გარდაიცვალა.

მეჰმედ აღჯას აღიარება კითხვებს ბადებს, რადგან იმავე ინტერვიუში ტერორისტი ამბობს, რომ თავდაპირველად ვატიკანს პაპის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და  მხოლოდ მუცელში ორჯერ სროლა უბრძანეს.

ტერორისტის ამ ბრალდების საპასუხოდ ვატიკანს კომენტარი არ გაუკეთებია.