კიდევ ერთ ჟურნალისტს გაუსწორდნენ - კვირის პალიტრა

კიდევ ერთ ჟურნალისტს გაუსწორდნენ

მოსკოვში ჟურნალისტების დევნა გრძელდება. ოლეგ კაშინის შემდეგ მოსკოვის მახლობლად მდებარე ჟუკოვსკში "ჟუკოვსკის ამბების" კორესპონდენტ ანატოლი ადამჩუკს სცემეს.

თავდასხმა რედაქციის ეზოში ღამის 02 საათზე მოხდა. ჟურნალისტს ორმა უცნობმა მძიმე საგანი ჩაარტყა თავში. გონებადაკარგული ადამჩუკი დაეცა და ბოროტმოქმედებმა უმოწყალოდ სცემეს.

ჟურნალისტს ტვინის შერყევა და თავის ქალის ტრავმა დაუდგინეს. ჰოსპიტალიზებაზე ადამჩუკმა უარი განაცხადა და შინ მკურნალობა ამჯობინა.

რუსი სამართალდამცავები ინციდენტს ყოფით შემთხვევას უკავშირებენ.

ამასთან, მიუთითებენ, რომ ადამჩუკი ნასვამი იყო და რა მოხდა, ცუდად ახსოვს. რედაქცია კი ჟურნალისტის ცემის მიზეზად მის პროფესიულ საქმიანობას ასახელებს. ბოლო დროს ადამჩუკი ჟუკოვსკის ტყის გაჩეხას აპროტესტებდა.

შეგახსენებთ: ჯერ კიდევ 2008 წელს ტყის დაცვის გამო ამავე გაზეთის მთავარ რედაქტორს, მიხაილ ბეკეტოვს სცემეს.