პატრიარქმა 100 ათასი წმინდა მოწამის პარაკლისი გადაიხადა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა 100 ათასი წმინდა მოწამის პარაკლისი გადაიხადა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ  მეტეხის ხიდზე 100 ათასი წმინდა მოწამის პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის

დაწყებამდე უწმინდესმა ბრძანა, რომ ეს ტერიტორია ქართველთა სისხლით არის მორწყული და შესთხოვა უფალს, მიმდებარე ადგილას აშენდეს 100 ათასი წმინდა მოწამის სახელობის ეკლესია.

ამბობენ, თითქოს მტკვრის სანაპიროზე ბუდას ქანდაკება უნდა დაიდგას, რაც, უწმინდესის განცხადებით, დაუშვებელია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებაში ბრძანა, რომ 100 ათასი წმინდა მოწამე თავისი ლოცვით იცავს საქართველოს, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა; აქ არის დამარხული წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც ქრისტეს პერანგის ჩამობრძანებამდე ექვსი საუკუნით ადრე ჩამოაბრძანეს საქართველოში.

100 ათასი წმინდა მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბა. 100 ათასი მოწამის მფარველობის მისაღებად და პარაკლისის მოსასმენად თბილისის სხვადასხვა ადგილიდან მეტეხის ხიდისკენ მსვლელობა მოეწყო. სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ჯვრებით, ხატებით, დროშებით, ბაირაღებითა და ყვავილებით მივიდნენ მეტეხის ხიდთან. პარაკლისის დასრულების შემდეგ მლოცველებმა მტკვარში ყვავილები ჩაუშვეს.

მეტეხის ხიდზე ასევე დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და 100 ათასი მოწამის ხატები, სადაც უწმინდესმა პარაკლისი გადაიხადა. შემდეგ\ მრევლს ნაკურთხი პურები და კანფეტები დაურიგეს.