ოსი სეპარატისტები გაეროს რეზოლუციებს არ ცნობენ - კვირის პალიტრა

ოსი სეპარატისტები გაეროს რეზოლუციებს არ ცნობენ

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პირობების შესრულებას არ აპირებს.

პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ჩოჩიევის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუცია "სამხრეთ ოსეთს" არაფერს ავალდებულებს, რადგან გაეროს წევრი არ არის.

ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის მიღება მედვედევი-სარკოზის გეგმის შესრულებისთვის სერიოზული დარტყმაა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 9 სექტემბერს საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მიიღო, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებისა და მათი ქონებრივი უფლებების აუცილებლობა დააფიქსირდა.

ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას განაცხადა, - "ოსური და რუსული შენაერთები ქართულ სოფლებს იმ მიზნით ანადგურებდნენ, რომ იქ ქართული მოსახლეობა ვეღარასოდეს დაბრუნებულიყო. ცხინვალი აღარასოდეს დაუშვებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ანკლავების  შექმნასო".