პარკირება გაიაფდება - კვირის პალიტრა

პარკირება გაიაფდება

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ავტომანქანების პარკირება თბილისელებს 1-ელი ოქტომბრიდან წელიწადში 25 ლარი დაუჯდებათ.

თბილისში პარკირების სისტემის მოწესრიგების მიზნით, მერის მიერ გამოთქმულ ინიციატივას რამდენიმე დეპუტატი გამოეხმაურა და მერიაში შეხვედრაზე მივიდა. მიხეილ მაჭავარიანმა, გიორგი ახვლედიანმა, ლევან ვეფხვაძემ, ჯონდი ბაღათურიამ, გია თორთლაძემ და გიორგი მელაძემ პარკირების გადასახადისა და საჯარიმო სანქციების შემცირებასთან დაკავშირებით მერის ინიციატივები მოისმინეს.

- 1-ელი ოქტომბრიდან პარკირებისთვის ამოქმედდება 25-ლარიანი ბარათები, რომელსაც მძღოლი საქარე მინაზე დაამაგრებს და ერთი წლის განმავლობაში ყველა ლეგალურ ადგილზე, რა დროითაც სურს, მანქანის გაჩერებას შეძლებს, - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვის ერთთვიანი ბარათები დაიბეჭდება, რომლის ღირებულება 5 ლარი იქნება. უგულავას განცხადებით, თუ აღნიშნულ პირობებზე პარკირების განმახორციელებელი კომპანია C.T.Park-ი  თანახმა არ იქნება, მერია პარკირების ადმინისტრირების უფლებას უკან დაიბრუნებს.