კათოლიკოს-პატრიარქი 450 ჩვილს მონათლავს - კვირის პალიტრა

კათოლიკოს-პატრიარქი 450 ჩვილს მონათლავს

მართლმადიდებელი ეკლესია 21 ნოემბერს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია  II-მ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.

ჩვილთა მორიგი, მე-14 ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში მთავარანგელოზობის მეორე დღეს გაიმართება. ამჯერად უწმინდესის ნათლული კიდევ 450 ჩვილი გახდება. პატრიარქი ნათლულებს საჩუქრად სახარებას, ჯვარსა და ნათლობის სიგელს გადასცემს. ნათლობის დასრულების შFემდეგ კი უწმინდესი ნათლულებს დალოცავს.

ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 6700 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახების მესამე და მეტი შვილები არიან.

კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა. მიზანი საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაა.

მთავარანგელოზობას მართლმადიდებელი ეკლესია მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა - გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, იეგუდიელის, ვარაქიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავს.