ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი კონსულტაცია გაიმართა - კვირის პალიტრა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი კონსულტაცია გაიმართა

8 ოპოზიციურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე პირველი კონსულტაცია ცესკოს შენობაში გაიმართა.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, თითოეული შეხვედრის სტენოგრამა მომზადდება. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება საყოველთაო მხარდაჭერით ან ხელისუფლებას პლუს რამდენიმე ოპოზიციური პარტია.

"ილუზიები რომ არ წარმოქმნილიყო, თავიდანვე შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ გადაწყვეტილება კენჭისყრის გარეშე მიეღო, რადგან ბერკეტი პარლამენტში არის ხელისუფლების ხელში.  რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამ მაგიდასთან წყდება ესა თუ ის საკითხი, ეს ასე არ არის. საკითხები წყდება პარლამენტში ისე, როგორც ხელისუფლებას უნდა", - განაცხადა"ახალი მემარჯვენეების" წევრმა მამუკა კაციტაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ვეტოს უფლება მხოლოდ ხელისუფლებას ექნება, ანუ ამა თუ იმ საკითხის მიღებისას ხელისუფლების როლი იქნება განმსაზღვრელი. კერძოდ, თუ კონსულტაციების ფარგლებში საკითხი მიღებული იქნება სრული კონსენსუსით, პარლამენტი ფორმალური პროცედურებით, განხილვის გარეშე დაუჭერს მას მხარს.

თუ საკითხი დამუშავების პროცესშია, მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერით გავა, ერთი ან ორი პარტიისგან მხარდაუჭერლობის შემთხვევაში ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.