მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს - კვირის პალიტრა

მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს

რუსმა  ოკუპანტებმა ქართული კვალის წასაშლელად ოჩამჩირეში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გარე ფასადი მთლიანად და შიდა ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს. აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია.

ეკლესიაზე დამონტაჟებულია კონდიციონერები. საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც ემუქრება.

აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების მთავარ სალოცავთან და სასწაულმოქმედ ტაძართან ახლა რუსული მძიმე ტექნიკა დგას.

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოჩამჩირეში მე-11 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. ტაძარში საუკუნეების განმავლობაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა. სწორედ ილორი იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების სალოცავი ადგილი. არქიტექტურული ძეგლი მტრების შემოსევებისას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე განადგურდა.

ილორში ქართული მღვდელმსახურების შეწყვეტა კომუნისტებმაც ვერ მოახერხეს. წირვა-ლოცვა იქ 90-იანი წლებიდან, აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ხელყოფისთვის ოფიციალური თბილისი მსოფლიო სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის. ქართული მხარე იუნესკოსგან, ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანების გამო, ოკუპანტების ქმედებებზე დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვს.