ის ნამდვილად განსხვავებული იყო - კვირის პალიტრა

ის ნამდვილად განსხვავებული იყო

17 ნოემბერს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი.

გია არსენიშვილი 1995-2000 წლებში კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული იყო; 2000-2001 წლებში - სახელმწიფო მინისტრი; 2001-2004 წლებში - საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში; 2008 წლიდან გია არსენიშვილი პარლამენტის წევრი გახდა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ჩაუდგა სათავეში.

ბოლო დროს განსაკუთრებით ეფერებოდა ყველას, ისედაც ძალიან მოსიყვარულე გაასმაგებულად გამოსცემდა უზარმაზარ სითბოსო. არ ავადმყოფობდა, ყოველ შემთხვევაში, ამის გამო ერთხელაც არ დაუჩივლიაო, - იხსენებენ მეგობრები და ოჯახის წევრები. ღიმილში შემოჰპარვია სიკვდილი. თუმცა, სიკვდილი რა სათქმელია, როდესაც ამქვეყნად უამრავი კარგი მოსაგონებელი დატოვა.

ამბობენ, ის კვდება, ვისაც კეთილად არ მოიხსენიებენ ან დაკრძალვისთანავე ივიწყებენო. მან კი იმ ქვეყნად საგზლად მთელი ცხოვრების განმავლობაში დათესილი წაიღო. რა დათესა? ერთ პატარა ფრაზაში ეტევა, მაგრამ უზარმაზარი შინაარსის მომცველია - გაიგეს თუ არა, აღარ არისო, ყველამ და ყველგან ერთი თქვეს: კარგი კაცი იყო, ნათელი დაადგესო.

ბოლოს სამიოდე თვის წინ ვნახე მშობლიურ კახეთში, სუფრას თამადობდა. კოლეგებთან არ ჩერდებოდა, ჩვენთან, ჟურნალისტებთან მოუწევდა გული. სურდა ყველასთვის სათითაოდ ეთქვა რაღაც კარგი, საამებელი. ხუმრობდა, ბავშვთან ბავშვი ვარ, დიდთან - დიდიო, ჟურნალისტთან კი ჟურნალისტობა არა, მაგრამ მეგობრობა შემიძლიაო. მართლა ასეთი იყო, ძალიან მეგობრული. იმდენად, რომ ზოგჯერ გაგიჭირდებოდა მასში რესპონდენტი დაგენახა. მადლიანი, კახური იუმორი ჰქონდა, სერიოზულ თემებზე საუბრისას უცებ ისე გაიხუმრებდა...

წავიდა და ზოგმა ოჯახის წევრი დაკარგა, ზოგმა ნათესავი, ზოგმა მეგობარი... კიდევ ერთი ფერი დაკარგა თბილისმაც, კახეთმაც, პარლამენტმაც, სადაც მის ინტელექტსა და უამრავ ღირსებას ერთმანეთში შერწყმულს სხვაში ვერ ნახავ. ის ნამდვილად განსხვავებული იყო.

მიხეილ მაჭავარიანი: "ძალიან ბევრი რამით იყო სამაგალითო, საქმის კეთებაც გულიანად იცოდა. დინჯად, კახურად იწყებდა და მერე ისე აქსოვდა სულსა და გულს, რომ იმ საქმისთვის გეგონებოდა დაბადებული.

როდესაც მუშაობა დავიწყე მთავრობაში, ბატონი გია სახელმწიფო მინისტრი იყო. ყოველთვის ხმალამოღებული გვიცავდა ახალგაზრდებს. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, მაგრამ ვერ იგრძნობდი და ამიტომაც კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემდით. პირველად მე ვთხოვე, დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრა თელავის რაიონში. ბოლოს ორი კვირის წინ ვიყავით ერთად კახეთში, მის მშობლიურ სოფელ იყალთოში. ბავშვივით უხაროდა, რომ მის სოფელს გაზი ჰქონდა. სოფელში ყოფნა უხაროდა, სადაც დაიბადა, სადაც მისი მშობლები და ბებია-ბაბუები არიან დაკრძალული.

9 ნოემბერს დაბადების დღე გადაიხადა, 68 წლისა შესრულდა. გულით მოილხინა ჩვენთან ერთად, თითქოს ამ დღეს იმიტომ იყო კიდევ უფრო განსაკუთრებული, რომ თავი უნდა დაემახსოვრებინა.

თელავის რეგიონის გუბერნატორობის დროს მიკროინფარქტი გადაიტანა. ძალიან ბევრს დადიოდა ბუნებაში ფეხით, ხშირად ვიყავით ერთად და ერთხელაც არ უთქვამს, რომ გული აწუხებდა ან მკურნალობდა".

"კვირის პალიტრა" გულითად სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.