მიხეილ სააკაშვილი ბარაქ ობამას შეხვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ბარაქ ობამას შეხვდა

ლისაბონში, ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას, ბარაქ ობამას შეხვდა.

მათ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდებიან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით, რომელიც ოთხ ფართო სფეროს მოიცავს: დემოკრატიულ რეფორმას, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ეკონომიკის დარგში და ხალხთა შორის კავშირს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამასა და მის ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, იმისთვის, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს უფლებას, გაწევრდეს ნატოში.

სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა ობამას ადმინისტრაციის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყვეს, რაც ჩვენს ქვეყანას ორი წლის განმავლობაში დიდად წაადგა.

პრეზიდენტმა ობამამ დადებითად შეაფასა საქართველოს წვლილი  ავღანეთში, სადაც თითქმის ათასი ქართველი სამხედრო მსახურობს და გულწრფელი მადლიერება გამოხატა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო. მან, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, კვლავაც განაგრძოს მათი განხორციელების პროცესი.

ბარაქ ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.