თბილისში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა - კვირის პალიტრა

თბილისში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

აფეთქება ჯავახიშვილის ქუჩაზე, ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან, დაახლოებით 02.00 საათზე მოხდა, მეორე კი - გლდანი-ნაძალადევის რაიონში.

დაზიანდა ლეიბორისტული პარტიის ოფისი. როგორც ოფისის დაცვის თანამშრომლებმა განაცხადეს, ჩამონგრეულია კედლები და ოთახების ჭერი. აფეთქებას 58 წლის ნინო გორდეზიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ოთხი კაცი,  მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვი და დაცვის თანამშრომელი ზაზა ქოქიაშვილი, რომელმაც თავის ტვინის შერყევა მიიღო. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ოფისის შორიახლო ვერცხლისფერი ავტომანქანა "მერსედესი" იდგა.

სავარაუდოდ, სწორედ "მერსედესში" მსხდომებმა”დადეს ტროტილის შემცველი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ლეიბორისტები პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევენ. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, როდესაც ერთ-ერთი მთავარი პარტიის ოფისთან ხდება აფეთქება, რომელსაც ეწირება პარტიის აქტივისტის, ნინო გორდეზიანის სიცოცხლე, ეს არის ტერორისტული აქტი, რომელსაც პოლიტიკური დანიშნულება აქვს.

შატბერაშვილის განცხადებით, აფეთქებისთვის გამოყენებული იყო ისეთი ნივთიერება, რომელიც მხოლოდ სპეცსამსახურებს აქვთ. "ეს ნივთიერება სხვაგან არ იშოვება, ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ", - განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა.

მუხიანის I მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13 კორპუსში არსებულ მაღაზიასთან აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია მაღაზია, კორპუსის მობინადრეთა ფანჯრების მინები კი - ჩამსხვრეული. როგორც მაღაზიის მეპატრონემ იუზა პიტნავამ განაცხადა, ზარალი დაახლოებით 15 ათას ლარს შეადგენს.

მცხოვრებთა განცხადებით, აფეთქება მაღაზიის კიბეზე დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია, თუმცა რა ნივთიერება აფეთქდა, მათთვის უცნობია. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.