პატრიარქმა მთავრობა და ოპოზიცია დალოცა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა მთავრობა და ოპოზიცია დალოცა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართული ჯარი, პრეზიდენტი, პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ოპოზიცია დალოცა.

უწმინდესმა სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ წირვას სამების ტაძარში ჯარისკაცები ესწრებოდნენ. პატრიარქმა ისინი წმინდა გიორგის ხატით დაასაჩუქრა".

უწმინდესმა საკვირაო ქადაგებაში დალოცა მეცნიერები, მასწავლებლები, ბავშვები და ახალგაზრდები, რადგან, როგორც პატრიარქი ბრძანებს, ისინი საქართველოს მომავალი არიან.

"ღმერთმა მოგვცეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული სამშობლოსი, ადამიანების დაფასება, თავმდაბლობა, განცდა ცოდვათა ჩვენთა, სიყვარული და სასოება, იმედი ღვთისა და ადამიანისა, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები, გაამრავლოს ქართველები და გაამთლიანოს სრულიად საქართველო", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებაში განსაკუთრებულად მოიხსენია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მეკობრეთა ტყვეები. ილია II-მ მათ მალე გათავისუფლება უსურვა.

უწმინდესმა ასევე დალოცა პატიმრები და საპყრობილეების მალე დატოვება უსურვა.

ქადაგების დასასრულს, უწმინდესმა საქართველოს ყველა კუთხე ცალ-ცალკე დალოცა და ქვეყნის გამთლიანება კიდევ ერთხელ ისურვა.