დიპლომატიურ კორპუსს მედიაგამჭვირვალობაზე ცვლილებათა პროექტი გააცნეს - კვირის პალიტრა

დიპლომატიურ კორპუსს მედიაგამჭვირვალობაზე ცვლილებათა პროექტი გააცნეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ დიპლომატებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები გააცნეს.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ცვლილებათა პროექტი მედიასაშუალებათა მფლობელების გამჭვირვალობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

"დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს გარანტიები არსებობს, თუმცა, პრობლემები იმ კომპანიების გამო წარმოიშვა, რომლებიც ოფშორულ ზონებში არიან რეგისტრირებული. ჩვენი ინიციატივა ასეთი კომპანიებისათვის მედიასაშუალებების ფლობას კრძალავს", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, ტრადიციის მიხედვით, მმართველი გუნდი ყველა ახალ რეფორმას ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს აცნობს. ამ საკითხზე შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც ცნობილია, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალებათა აქციების 10%-ზე მეტის ფლობა აეკრძალებათ.