ლეონიდ პარფიონოვმა ტელევიზიები ხელისუფლების პიარში დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

ლეონიდ პარფიონოვმა ტელევიზიები ხელისუფლების პიარში დაადანაშაულა

ტელეკომპანია ენ-ტე-ვეს ყოფილმა ჟურნალისტმა და რუსული "ნიუსვიქის" ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ლეონიდ პარფიონოვმა, რომელიც ვლად ლისტევის პრემიის ლაურეატი გახდა, ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე რუსული ტელეარხები ხელისუფლების პიარში დაადანაშაულა.

"ტელევიზიებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქების უნარი დაკარგეს. ისინი ხელისუფლებას ემსახურებიან", - განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა.

როგორც რუსული ინტერნეტმედია იუწყება, პარფიონოვმა ტელეკომპანიებს "გართობის, დროის გაყვანისა და სიცილ-ხარხარის ტელევიზიები" უწოდა.

"უმაღლესი ხელისუფლება დღეს ტელევიზიებში წარმოდგენილია როგორც გარდაცვლილი - მასზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები არა ახალი, არამედ ძველი ამბებია, ინფორმაცია კი - სახელისუფლებო პიარი", - მიაჩნია პარფიონოვს.

სიტყვის წარმოთქმისას ჟურნალისტი აშკარად ღელავდა, თუმცა მისი მღელვარება გასაგები იყო - დარბაზში ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო ტელევიზიების ხელმძღვანელები ისხდნენ.

დაჯილდოების შემდეგ პარფიონოვი თბილისში ჩამოფრინდა.