"ცივი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ადამიანს ცუდ შედეგს მოუტანს" - კვირის პალიტრა

"ცივი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ადამიანს ცუდ შედეგს მოუტანს"

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია

გაიმართა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. წირვის  შემდეგ უწმინდესმა მრევლს, ტრადიციულად, ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და ამჯერად ადამიანის ცხოვრებაში ტაძრის მნიშვნელობაზე, ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ადამიანისთვის ყოველი ტაძარი სასუფევლის კარია. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, - ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ მთავარია გულში ჰქონდეს რწმენა და აუცილებელი არ არის ტაძარში სიარული. ტაძარი ადამიანს სულიერ წინსვლაში ეხმარება.

"ცივი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, ცუდ შედეგს მოუტანს ადამიანს. ეკლესიის შუამდგომლობა არის უდიდესი ძალა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს", - ბრძანა უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა მშობლებს, ღვთისადმი რწმენით აღზარდონ შვილები, რათა სულიწმიდის მადლი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი, გადმოვიდეს ჩვენზე და ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის მეშვეობით.