ეუთოს სამიტი სამოქმედო გეგმის მიღების გარეშე დასრულდა - კვირის პალიტრა

ეუთოს სამიტი სამოქმედო გეგმის მიღების გარეშე დასრულდა

ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის - კონფლიქტების მოგვარების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღების გარეშე დასრულდა. დოკუმენტი რუსეთის პოზიციის გამო ვერ მიიღეს. სამიტის მთავარ შედეგად სამიტის მემორიალური დეკლარაციის მიღება გამოცხადდა, სადაც ახალი არაფერია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს ლიდერები კვლავაც ერთგული რჩებიან იმ პრინციპებისა, რომელიც ამ ორგანიზაციის  წევრ-სახელმწიფოებს აერთიანებს.

როგორც სამიტის დასრულების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, კონფლიქტების მოგვარების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით ეუთოს წევრმა ქვეყნებმა ცხარე დისკუსია გამართეს, თუმცა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება ვერ მოახერხეს.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მან იმედი გამოთქვა, რომ ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მისიები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგება.

"ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის სრული გათვალისწინებით, ხელახლა ადასტურებს საკუთარ მტკიცე და თანამედროვე ვალდებულებას.

ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას კონფლიქტების გადაჭრის საერთაშორისო ძალისხმევისადმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩათვლით, ასევე უსაფრთხოების სტაბილიზებისა და ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარებისადმი და 2008 წლის 12 აგვისტოს სრული ინპლემენტაციისადმი", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების ლიდერებმა, რომელთაც საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა მოითხოვეს.

რუსეთმა განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს იმ დოკუმენტს, რომელშიც "საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე იქნება" ლაპარაკი.