ირაკლი ალასანიამ სააკაშვილს წერილი მისწერა - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანიამ სააკაშვილს წერილი მისწერა

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილით მიმართავს და 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში კონფლიქტის ზონასთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 15 მილიონი ლარის გამოყოფისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უწყოდეს, რომ ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. მიუხედავად„"თავისუფალი დემოკრატების" არაერთგზის მიმართვისა ხელისუფლებისადმი და ამასწინანდელი თქვენი დავალებისა მთავრობის მიმართ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თავს არიდებს მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, დაეხმაროს შიდა ქართლის კონფლიქტურ ზონაში  მცხოვრებ მოსახლეობას", - ნათქვამია მიმართვაში.

ალასანია წერილში აღნიშნავს, რომ პირადად  შეხვდა  ოცზე მეტი სოფლის მოსახლეობას გორისა და ქარელის რაიონებში, სადაც დღემდე არ დარიგებულა შეპირებული შეშა და ფქვილი. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, ამ სოფლების მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ პირველადი საჭიროების მედიკამენტებზე. შეშის უქონლობის გამო იჩეხება ხეხილი. ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან მცხოვრებ მოქალაქეებს არა აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი.