ამფეთქებლებს მითითებას ბორისოვი აძლევდა - კვირის პალიტრა

ამფეთქებლებს მითითებას ბორისოვი აძლევდა

2010 წლის შემოდგომაზე თბილისში ოთხი ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს დავალებას აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ევგენი (ჟენია) ბორისოვი აძლევდა.

ერთ-ერთი დაკავებულის, გოგიტა არქანიას ჩვენების თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ფული მას თავად ბორისოვმა გადასცა და დაემუქრა, თუ დავალებას არ შეასრულებდა, მის ოჯახს პრობლემებს შეუქმნიდა. შსს-ს ცნობით, ბორისოვის კავშირი ბრალდებულებთან სატელეფონო კავშირებითაც დადგინდა.

ყოველი აფეთქების წინ და შემდეგ აფეთქების ორგანიზატორები ოპერაციის მომზადებისა და შესრულების დეტალებს ბორისოვს ტელეფონით ატყობინებდნენ. ტელეფონის  ნომერი, რომლითაც ბორისოვს  კავშირი ჰქონდა ტერორისტებთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელზეა დარეგისტრირებული.

საქართველოს შსს-მ დააკავა საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებული ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც დავალებებს გალში ევგენი ბორისოვისგან იღებდა. შსს-ს ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებს თავს. დაკავებულები გალელები არიან (ვრცლად იხილეთ გვ. 9).