რა რაოდენობის პრემიები მიიღეს მინისტრებმა 2009-2010 წლებში? - კვირის პალიტრა

რა რაოდენობის პრემიები მიიღეს მინისტრებმა 2009-2010 წლებში?

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პროექტის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდი  www.opendanta.ge შეიქმნა.

ვებგვერდზე სამინისტროების მიხედვით არის განთავსებული სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტები, სარეზერვო ფონდები.

მოქალაქეს შეუძლია გაიგოს, რამდენს უხდის სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ხალხის დაქირავებულ პირად ითვლება. თუმცა სრულყოფილ ინფორმაციას ვერც ვებგვერდი გვაწვდის, რადგან რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურამ (შსს-მ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მერიამ, ლტოლვილთა და განსახლების, განათლების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ფინანსთა სამინისტროებმა) არ გასცა ინფორმაცია.

ზოგიერთმა ნაწილობრივ გასცა ან უბრალოდ, საზოგადოებრივ ორგანიზაციას უპასუხა ზოგადი წერილით, სადაც განმარტა, თუ რომელი საკანონმდებლო აქტით განისაზღვრა ანაზღაურების საკითხი.  ყველაზე გამჭვირვალე რეინტეგრაციის საკითხთა სამინისტრო აღმოჩნდა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2009 წლის განმავლობაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს ხელფასზე უფრო დიდი ოდენობის პრემია აუღია - ანაზღაურების სახით სულ 42.480, ხოლო პრემიად - 46.020 ლარი. 2010 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე კი - 31.860 ლარი მიუღია ანაზღაურების სახით და იმავე ოდენობის თანხა პრემიად.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გიორგი (გოგა) ხაჩიძეს 2009 წლის პირველი იანვრიდან 2010 წლის 1-ელ ნოემბრამდე 77.800 ლარი ანაზღაურების, ხოლო პრემიის სახით - 62.580 ლარი აუღია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრო ურუშაძის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 3.540 ლარი ყოფილა და გამოქვეყნებული ინფორმაციით ჩანს, რომ პრემია ჯერჯერობით არ აუღია (პრემიის გრაფაში 0-იანი უწერია).

იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს  2009 წლის განმავლობაში 42.480 ლარი აუღია ანაზღაურების სახით, 2010 წლის იანვრიდან ნოემბრამდე კი 35.400. პრემიის თაობაზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს 2009 წლის განმავლობაში 42.480 ლარი მიუღია ანაზღაურების სახით, მის მოადგილე გიგა ბოკერიას კი - 35.252. იმავე წელს ვაშაძის პრემია შეადგენდა 43.950 ლარს, ხოლო ბოკერიასი - 37.550-ს. 2010 წელს გრიგოლ ვაშაძის 10 თვის ხელფასი შეადგენს 35.400 ლარს, ხოლო ბოკერიასი - 29.500-ს.