პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 95 ხმით, რვის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 100 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ბიუჯეტის ხარჯები - 5 მილიარდ 734,1 მილიონი ლარით. საპენსიო უზრუნველყოფისათვის 932,3 მილიონი, სოციალური დახმარებებისათვის 213,1 მილიონი, ჯანდაცვის პროგრამებისათვის 358,7 მილიონი ლარი, რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისათვის 40 მილიონი, დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 134,4 მილიონი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობის გასაგრძელებლად 196,4 მილიონი, ბათუმისა და ქობულეთის  შემოვლითი გზების მშენებლობისათვის 83 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტები არასათანადოდ არის გაწერილი და დაფინანსებული, რის გამოც ის მოსახლეობის  მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ემსახურება.