"დევნილები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სახლებში" - კვირის პალიტრა

"დევნილები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სახლებში"

ევროპარლამენტმა 2010 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მახვილდება ყურადღება.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამო, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ათასი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

"დოკუმენტში აღნიშნულია, - რუსეთზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა იმისათვის, რომ მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულოს. ასევე ლაპარაკია დევნილებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სახლებში, რასაც რუსეთის სამხედრო ძალა დღემდე ხელს უშლის", - განაცხადა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა სალომე სამადაშვილმა.

დოკუმენტის განხილვაში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ბარონესა კეტრინ ეშტონიც მონაწილეობდა.