ქართული მხარე რუსეთს ტერაქტების გამოძიებაში დახმარებას სთხოვს(?) - კვირის პალიტრა

ქართული მხარე რუსეთს ტერაქტების გამოძიებაში დახმარებას სთხოვს(?)

საგარეო უწყებამ შესაბამისი ოფიციალური ნოტით მიმართა შვეიცარიის საელჩოს და სთხოვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან შუამდგომლობა გაუწიოს.

ქართული მხარე რუსეთს სთხოვს, დაეხმაროს ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებული, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში. ასევე, დააკავონ რუსეთის მოქალაქე, არმიის მაიორი ევგენი ბორისოვი, ხოლო მისი დაკითხვის პროცესს ქართველი სამართალდამცავებიც დაასწრონ.

საქართველოს მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება საკითხის სიმწვავისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო დროს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ამჟამად აფხაზეთის რეგიონში იმყოფებიან.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ დივერსანტთა ჯგუფს განკარგულებებს აფხაზეთში  მყოფი რუსი მაიორი ევგენი ბორისოვი აძლევდა.