კვირიდან კვირამდე - კვირის პალიტრა

კვირიდან კვირამდე

პატრიარქის ინტრონიზაციიდან 33 წელი გავიდა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  II-ის აღსაყდრებიდან 33 წელი გავიდა. 25 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა შესრულდა. წირვა თავად პატრიარქმა აღავლინა, შემდეგ კი ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ერი რამდენიმე საუკუნე ელოდა ისეთ პატრიარქს, როგორიც ილია II-ა.

მან წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაც გაიხსენა, რომლის მიხედვითაც პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. მეუფე შიოს თქმით, უფალმა ილია  II-ს აფხაზეთის დაბრუნების მადლი მისცა.

პატრიარქმა დალოცა ქართველი ერი და საქართველოს გამთლიანება უსურვა.

აღსაყდრების იუბილე პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სხვა ოფიციალურმა პირებმა და სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელებმა მიულოცეს.

თითოეული ოჯახი ოცლარიან ვაუჩერს მიიღებს

2011 წელს საქართველოში თითოეული ოჯახი ელექტროენერგიის ოცლარიან ვაუჩერს მიიღებს. როგორც პრემიერმა ნიკა გილაურმა მესტიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ საკითხზე მოლაპარაკება ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებთან წლის ბოლომდე დასრულდება. მისი თქმით, ეს პროგრამა ბიუჯეტს 20-25 მილიონი დოლარი დაუჯდება.

გილაურის განცხადებით, ოცლარიანი ვაუჩერი მოსახლეობას პრობლემას ვერ მოუხსნის, მაგრამ მცირე შეღავათი კი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობა ვაუჩერს თებერვალში მიიღებს.

KvirisPalitra.Geპუტინმა ბურჯანაძე და ნოღაიდელი ცალ-ცალკე მიიღო

მოსკოვში, პოკლონნაია გორაზე რუსეთის ჰიმნის თანხლებით "დიდების მემორიალის" გახსნის შემდეგ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი სამამულო ომის მუზეუმში”ცალ-ცალკე მიიღო.

პუტინმა თითოეულ მათგანთან ათწუთიანი შეხვედრა გამართა. მან მადლობა გადაუხადა ქართული ოპოზიციის ლიდერებს მოსკოვში ჩასვლისა და მემორიალის გახსნის ცერემონიალზე დასწრებისთვის.

"ამ მემორიალის გახსნით ჩვენი გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ ეს იქნება ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღების ხელშემწყობი ნაბიჯი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე", - განაცხადა პუტინმა.

ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრემიერს მემორიალის გახსნისთვის და ორ ქვეყანას შორის თანაბარუფლებიანი ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეწყობისთვის.

ნოღაიდელი გადააყენეს

"სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი თანამდებობიდან გადააყენეს. თუმცა, გამგეობის წევრად დატოვეს მანამდე, სანამ დავალიანებას გაისტუმრებს.

"სამართლიანი საქართველოსთვის" წევრები ნოღაიდელს პროგრამისთვის“"კარდაკარ" გამოყოფილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ნოღაიდელს პროგრამაში ჩართული პარტიის აქტივისტებისთვის ერთი თეთრიც არ გადაუხდია. ყრილობაზე ნოღაიდელს მოღალატე უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ოპოზიციაშიც განხეთქილების შეტანას ცდილობს.

ნოღაიდელი ყრილობის შედეგებს არ ცნობს და მასში მონაწილე დელეგატებს ვანო მერაბიშვილის დაკვეთების შემსრულებლებს უწოდებს.

მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტი გაიხსნა

მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტი გაიხსნა. თბილისი-მესტიის მიმართულებით რეისები ყოველდღე შესრულდება. აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.

თბილისი-მესტიის მიმართულებით ფრენებს ყოველდღე კანადური ავიაკომპანია "ქელ-ბორექ-ეარი" შეასრულებს, ბილეთის ფასი 150 ლარი იქნება(?!). აეროპორტს საკუთარი სანავიგაციო სისტემა და ახალი შენობა აქვს. პროექტი გერმანელ არქიტექტორ მაიერს ეკუთვნის.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში პირველი რეისი მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა. თვითმფრინავს პრეზიდენტი თავად მართავდა.

ქართველმა ჟურნალისტმა თავი მოიკლა

ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა დავით ჭანტურიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მან თავი ჩამოიხრჩო. ჭანტურიას ცხედარი თათრეთის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს. იქვე აღმოაჩინეს წერილი, რომლის შინაარსს ჯერჯერობით არ ახმაურებენ.

46 წლის დავით ჭანტურია ნაბერეჟნიე ჩელნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი იყო. ფეხბურთის გულშემატკივრები მას ქალაქის სტადიონზე გამოეთხოვნენ. გამოსათხოვარი ცერემონიის შემდეგ მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს.

პრესა.გე ჟურნალისტებმა დატოვეს

საინფორმაციო პორტალი პრესა.გე ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა, მიზეზად მათ კავკასიის ინტერნეტმედია ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის ქმედებები დაასახელეს. მათი მტკიცებით, კაპანაძე ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა და მათზე ზეწოლას ახდენდა.

პრესა.გე  "კავკასუს ონლაინის" მედიაჰოლდინგში რამდენიმე წლის წინ შევიდა იმ პირობით, რომ "კავკასუსი" პორტალის თანამშრომლებს ხელფასებს გადაუხდიდა და სამაგიეროდ, რეკლამებიდან შესულ თანხებს წაიღებდა. პრესა.გე-დან წასულმა ჯგუფმა ალტერნატიული პორტალი დააარსა.

მოზარდმა ხელი და თვალი დაკარგა

შირშოვის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 13 წლის ბიჭმა ხელი და თვალი დაკარგა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი უხარისხო საახალწლო პეტარდამ დაასახიჩრა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მოზარდი იაშვილის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. ჯერჯერობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ლუკაშენკო კვლავ პრეზიდენტია

ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ლუკაშენკოს ხმა ამომრჩეველთა 79,65%-მა მისცა. ეს ლუკაშენკოსთვის მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება. ის საპრეზიდენტო სავარძელს 1994 წლიდან იკავებს.

არჩევნებს ბელორუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ყველა აქცია ხელისუფლებამ დაარბია და ათეულობით მოქალაქე დააკავა, მათ შორის იყო პრეზიდენტობის 7 კანდიდატი.

წლიდან-წლამდე

იმიტირებული "ქრონიკა"

13 მარტს ის მაყურებელი, რომელმაც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპეციალურ რეპორტაჟზე" მოგვიანებით გადართო, შოკში ჩავარდა: საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა" იუწყებოდა, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, თბილისის გარშემო ბრძოლებია, ოპოზიციის ნაწილი ოკუპანტის მხარეს გადავიდა, პრეზიდენტი ლიკვიდირებულია და ა.შ.

თბილისში პანიკა დაიწყო. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ საინფორმაციო გამოშვება იმიტირებული იყო. "იმედმა" ბოდიში მოიხადა, რომ გადაცემას თან არ მიჰყვებოდა მორბენალი სტრიქონი, რომელიც მაყურებელს იმიტაციის შესახებ ამცნობდა.

ამ იმიტაციის გამო ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმემ კი ინფარქტი ან ინსულტი მიიღო. (ვრცლად იხ. გვ. 14)

უგულავამ გაიმარჯვა

30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პირველად, თბილისელები დედაქალაქის მერს პირდაპირი წესით ირჩევდნენ.

სახელისუფლებო კანდიდატს გიგი უგულავას ოპოზიციიდან 8 კონკურენტი ჰყავდა, ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატის დასახელება ვერ შეძლო. საბოლოოდ, გიგი უგულავამ არჩევნებში გაიმარჯვა - მან ამომრჩეველთა ხმების 55,23% მიიღო.

მეორე ადგილზე ირაკლი ალასანია გავიდა ხმათა 19.05%-ით, მესამეზე - გია ჭანტურია 10,7%-ით, მეოთხე-მეხუთე ადგილები კი ზვიად ძიძიგურმა და გოგი თოფაძემ გაინაწილეს. დანარჩენმა კანდიდატებმა ერთპროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საკრებულოებში მოიპოვა.

დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვია და შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სხვა ოფიციალურ პირებთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მისთვის მიუღებელია რუსეთის ქმედებები.

ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.

ნატო საქართველოში

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვია. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, რასმუსენმა საქართველოს დედაქალაქში ალიანსის სამეკავშირეო ოფისი გახსნა.

თბილისში ყოფნისას რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ ძალაშია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს(?!). ალიანსის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისათვის. მან, ასევე, მწუხარება გამოთქვა ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.

შეხვედრა ლისაბონში

ლისაბონში ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას, ბარაქ ობამას შეხვდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ოფიციალურ თბილისს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტებმა პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. ობამამ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ოპერაცია "ენვერი"

საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაასრულა მასშტაბური სპეცოპერაცია "ენვერი", რომლის დროსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს 13 აგენტი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა ქართველია. ზოგიერთი მათგანი ბიზნესმენია. შსს-ს ცნობით, ისინი ინფორმაციას აგროვებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის შესყიდვების თაობაზე, ცდილობდნენ სხვა საიდუმლო ცნობების მოპოვებასაც.

აგენტურული ქსელის გაშიფვრა ქართულმა კონტრდაზვერვამ გრუ-ს ყოფილი აგენტის ჩანერგვით შეძლო, რომლის კოდური სახელწოდება "ენვერი" იყო. ოპერაციის ყველა მონაწილემ სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებები

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. ქვეყნის მთავარ კანონში 44 ცვლილება შევიდა. კერძოდ, შესუსტდა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მისი უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადანაწილდა. გაძლიერდა საკუთრების უფლების დაცვისა და სასამართლო ხელისუფლების დაცვის გარანტიები. კონსტიტუციას დაემატა თავი "თვითმმართველობის შესახებ" და სხვ.

ადგილობრივ თვითმმართველობასა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები 2011 წელს ამოქმედდება. ცვლილება სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსის შეცვლის შესახებ 2013 წელს შევა ძალაში.

"სახალხო კრება"

25 ნოემბერს პარლამენტის წინ წარმომადგენლობითი "სახალხო კრება" გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე ათასმა კაცმა მოიყარა თავი. "სახალხო კრების" თავმჯდომარედ ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს. შეკრებილებმა უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილს და საკონსტიტუციო ცვლილებები დაიწუნეს.

კრება ინციდენტით დასრულდა. დამსწრეთაგან ზოგიერთი იმ დღესვე რადიკალურ მოქმედებას მოითხოვდა, რასაც ღონისძიების ორგანიზატორები არ ეთანხმებოდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი ტელევიზიის წინ გამართული აქციით დასრულდა. "სახალხო კრების" გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტები, რომლებიც გაზაფხულისთვის მასშტაბურ აქციას მოამზადებენ.

"საინფორმაციო 11 სექტემბერი"

საიტ "ვიკილიკსს" "საინფორმაციო 11 სექტემბერი" უწოდეს. ამ პორტალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სერვერებიდან ათეულათასობით საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა და მათ ნელ-ნელა კიდევ აქვეყნებს.

დოკუმენტებით ცხადი შეიქნა, რომ ამერიკელი დიპლომატები პუტინს  ალფა-მამრად, სარკოზის - საკუთარ თავზე შეყვარებულად, სილვიო ბერლუსკონის კი მექალთანედ მიიჩნევენ.

დოკუმენტებში საქართველოზეცაა ლაპარაკი. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატების მიმოწერიდან ირკვევა, რომ სარკოზიმ საქართველოს საკითხის გამო ლამის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს სცემა. "ვიკილიკსმა" ისიც გვამცნო, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აშშ-მა საქართველოს იარაღი არ მიაწოდა. კარგი მესიჯი ის იყო, რომ ამერიკელებს 2008 წლის ომის ინიციატორად რუსეთი მიაჩნიათ.

"ვიკილიკსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში შვედეთის მოთხოვნით დააკავეს, თუმცა შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. შვედეთი მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, აშშ კი მის გადაცემას ჯაშუშობის მუხლით ითხოვს.

დაპირისპირება ოპოზიციაში

"სახალხო კრება" და "ქართული პარტია" ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ. გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, 2007 წელს პირისპირ შეხვედრისას ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს რამდენიმე მილიონი და პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მოსთხოვა. "ქართულმა პარტიამ" გაზეთს წყაროს დასახელება მოსთხოვა და გაზეთმა გამოაქვეყნა ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ინტერვიუ, რომელშიც ის გაჩეჩილაძეს ახალ ბრალდებას უყენებს.

გაჩეჩილაძემ ბურჯანაძის ოჯახი მის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მზადაა, ტელედებატებში შეხვდეს გაჩეჩილაძეს და“მისთვის საინტერესო თემებზე ისაუბროს.