მიხეილ სააკაშვილმა ილია მეორე დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა ილია მეორე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შოთა რუსთაველის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა. ჯილდო პატრიარქს ქუთაისში, განახლებული ოპერისა და მიუზიკჰოლის გახსნის ცერემონიაზე გადაეცა.

პრეზიდენტის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი თანამედროვე ქართული ხატწერის, სასულიერო მუსიკის შექმნისა და განვითარებისთვის, ასევე, თავისუფლების, პატრიოტიზმისა და ჰუმანიზმის იდეალებით გამსჭვალული მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა. მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსთაველის პრემიისა და ოქროს მედლის გადასაცემად, დარბაზში მყოფი პატრიარქი სცენაზე მიიწვია. უწმინდესმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა:

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, პირველ ყოვლისა, მადლობელი ვარ ასეთი შეფასებისთვის. თითოეულ ჩვენთაგანში არის ქართული გენი და ქართული გენი აკეთებს უნიკალურ საქმეებს. როდესაც აშენდა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი, მე ვთქვი, რომ ქართველმა ხალხმა ააშენა თავისი ავტოპორტრეტი. ასე რომ, არაფერია საკვირველი", - ბრძანა უწმინდესმა.