სააკაშვილი ობამას შეხვდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ობამას შეხვდა

ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას, ბარაქ ობამას შეხვდა. მხარეებმა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციასა და ეკონომიკურ საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

ბარაქ ობამამ აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ავღანეთის მისიაში და მადლობა გადაუხადა ქართველებს, რომლებიც რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად იბრძვიან. მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას ბარაქ ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.

"ორი ქვეყნის ლიდერები შემდგომი გაფართოებული ფორმატით შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს დაავალა საქართველოს პირველი პირის მიერ დასმულ ყველა კონკრეტულ საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელება. ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა თეთრი სახლის ინიციატივით გაიმართა და 25 წუთზე მეტხანს გაგრძელდა", - აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეხვედრას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენიც ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა.