საქართველომ, შესაძლოა, გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის ექსტრადიცია მოითხოვოს - კვირის პალიტრა

საქართველომ, შესაძლოა, გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის ექსტრადიცია მოითხოვოს

კრასნოდარის ტელევიზიის ცნობით, 19 იანვარს სამხარეო სასამართლოში საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძის შვილის, გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის პროცესი გაიმართება.

ქუთათელაძე და ვეფხვაძე რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში არიან ბრალდებული. 21 სექტემბერს მათ მდინარე ფსოუში ფონი გადალახეს და ადლერის რაიონის სოფელ ნიჟნაია შილოვკაში ჩავიდნენ. რუსი მესაზღვრეების გამოჩენისთანავე ქუთათელაძემ და ვეფხვაძემ გაქცევა სცადეს, თუმცა ისინი დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივეს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაუსწრებლად, ქუთათელაძეს 13 წელი, ვეფხვაძეს კი 6 წელი მიუსაჯა. ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2010 წლის აპრილიდან იძებნებიან.