ევროკავშირის მორიგი მხარდაჭერა - კვირის პალიტრა

ევროკავშირის მორიგი მხარდაჭერა

ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიას ეხება, აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებულ რეგიონებად არის მოხსენიებული.

კერძოდ, რეზოლუციის 32-ე მუხლში ნათქვამია, რომ "მსოფლიოში უნდა გაიზარდოს ადამიანის უფლებების პატივისცემა, აგრეთვე, დემოკრატია, რადგან ეს შედის ევროკავშირის პრიორიტეტებში. ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კი ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა". ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლებს, გააქტიურონ ძალისხმევა, რათა რუსეთმა შეასრულოს ექვსპუნქტიანი გეგმა.

რეზოლუციაში შავი ზღვის რეგიონი, მათ შორის - საქართველო, სტრატეგიულ და მნიშვნელოვან ხიდად არის მოხსენიებული.

საქართველოს საგარეო უწყებამ ამ რეზოლუციას მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან ევროპარლამენტმა ოფიციალურ დოკუმენტში აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად პირველად მოიხსენია. რეზოლუცია ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატისა და ევროპის ხალხთა პარტიის წევრის, ტრაიან უნგურეანუს მოხსენებაზე დაყრდნობით მომზადდა.